საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა
11 დეკემბერი 201911 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო ამ დღის აღნიშვნას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. ღონისძიების მონაწილეებს, რომელიც სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიესალმა.
მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ შეხვედრას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, მაღალმთიანი სოფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, ღონისძიების პარალელურად, სასტუმროს ეზოში, მთის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
მთის დღე საქართველოს მთავრობის ინიციატივით აღინიშნება და ღონისძიების მხარდამჭერები არიან - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU), ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის მთავრობები.
მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მთის თემის პოპულარიზაციისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის პოეტ ბესიკ ხარანაულს, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში, მთაში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს შემუშავდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.
წელს კი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია (2019-2023 წწ). სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.
„მთის კანონის“ თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
მთის სტატუსი დღეს მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე.
მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მეწარმეები საგადასახადო, მოსახლეობა კი სოციალური შეღავათებით სარგებლობს, ესაა: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად, მთიან რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაწესდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ფინანსური დახმარება, დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
კანონის ამოქმედებიდან დღემდე მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.